ბსუ-ს ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტზე ინოვაციების ლაბორატორია გაიხსნა

ინოვაციების ლაბორატორია ბსუ-ს სტუდენტებს დაეხმარება, მოამზადონ და განახორციელონ ინოვაციური პროექტები მრეწველობის და ბიზნესის სექტორისთვის, ასევე ლაბორატორია შესთავაზებს სხვადასხვა სამიზნე აუდიტორიას ორმხრივად სასარგებლო სერვისებს, მრეწველობის სექტორს – მოკლევადიან სასწავლო კურსებს, პერსონალის შესაძლებლობის გაძლიერებისთვის; სტუდენტებს – სხვადასხვა პროგრამულ პაკეტებს და სივრცეს პროექტების შემუშავებისა და მათი რეალიზაციისთვის. ინოვაციების ლაბორატორია „ერაზმუს+“-ის პროექტის: „საქართველოსა და უკრაინის უსდ-ების როლის გაძლიერება ინდუსტრიულ ტრანსფორმაციაში ინდუსტრიული პარადიგმა 4.0-ის მეშვეობით – HEIn4“ გაიხსნა. პროექტის ფარგლებში, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ვორქშოფი „ეკოსისტემები და ტექნოლოგიური მეწარმეობა მე-4 ინდუსტრიული რევოლუციის პირობებში“ გაიმართა. სამდღიან ვორქშოფს უძღვებოდნენ საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს დონორებთან ურთიერთობის და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი ანა ვაშაყმაძე, სააგენტოს თავმჯდომარის თანაშემწე მაია ლაბაძე და საერთაშორისო პროექტების მენეჯერი სოფო ფაჩულია.