მიმდინარე წლის 13 აპრილს, ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტზე არსებულმა ინოვაციათა ლაბორატორიამ ხელვაჩაურის #1 საჯარო სკოლის, ბათუმის #13 და #22 საჯარო სკოლების მოსწავლეებსა და მათემატიკის პედაგოგებს უმასპინძლა. ბსუ-ს ინოვაციათა ლაბორატორიაში მოსწავლე ახალგაზრდები გაეცნენ საერთაშორისო საგანმანათლებლო რესურსის CK 12-ს გამოყენების შესაძლებლობებს. 3 საათიანი ტრენინგის ფარგლებში მოსწავლეებმა შეისწავლეს STEM მიმართულებით ინოვაციური პროექტების დაგეგმვის, საგანმანათლებლო პროცესში სიმულაციების გამოყენების შესაძლებლობები.
ინოვაციების ლაბორატორია წარმოადგენს ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტის რესურსცენტრს, რომელიც შეიქმნა ერასმუს + პროგრამის „საქართველოსა და უკრაინის უსდ-ების როლის გაძლიერება ინდუსტრიულ ტრანსფორმაციაში ინდუსტრიული პარადიგმა 4.0-ის მეშვეობით – HEIn4“ ფარგლებში. მისი მიზანია ხელი შეუწყოს ციფრულ ტრანსფორმაციას მცირე და საშუალო ბიზნესისთვის მეოთხე ინდუსტრიული რევოლუციის საჭიროებების შესაბამისი სპეციალური კურსების, ტრენინგებისა და საკონსულტაციო სერვისების შეთავაზებით; ადგილობრივი და საერთაშორისო ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად, შექმნას და დანერგოს ინოვაციური სასწავლო მოდულები და ტრენინგ კურსები ინდუსტრია 4.0 კონცეფციის მხარდასაჭერად.
რაც შეეხება საერთაშორისო საგანმანათლებლო პლატფორმა CK-12–ს, იგი პროექტის „ხარისხიანი განათლების უზრუნველყოფა ყველა მოსწავლისათვის“ ფარგლებში, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს, ნორვეგიის სპეციალური საჭიროების საგანმანათლებლო სააგენტოს (სტატპედი) და გაეროს ბავშვთა ფონდის ერთობლივი პროექტის ნაწილია და მიზნად ისახავს ეროვნული განათლების სისტემის ხარისხისა და ინკლუზიურობის გაძლიერებას, აქ ხელმისაწვდომია ელექტრონული წიგნები, ადაპტირებადი პრაქტიკული სავარჯიშოები და სამეცნიერო სიმულაციები, რაც შეუწყობს ხელს მოსწავლე ახალგაზრდებში, ინოვაციების მიმართ ინტერესს.